პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ პროგნოზი გააკეთა, პირველადი ვერსია შეცვალა. ირაკლი კობახიძე საკუთარ გუნდს დღეს უკვე 60%-ს უწინასწარმეტყველებს.
"არსებული სპექტრის პირობებში, რეალურად, გამარჯვებულმა პარტიამ უნდა მიიღოს დაახლოებით 45% მაინც მინიმუმ იმისთვის, რომ შედგეს კოალიცია. გამარჯვებულ პარტიას რაც შეეხება, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეს იქნება "ქართული ოცნება". თუმცა, 45% არ არის ჩვენი მიზანი და ჩვენი ამოცანა. მე ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც ალბათ შეიქმნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 60-20-20-ია - 60% "ქართული ოცნება", 20% "ნაციონალური მოძრაობა" თავისი "ევროპული საქართველოთი" და 20% დანარჩენი ოპოზიცია. ეს არის რეალურად მიღწევადი შედეგი "ქართული ოცნებისთვის,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებით, თუ 2020 წლის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 45% ვერ მოაგროვა, სავარაუდოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა დადგება.