18 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
"კონსორციუმი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილს არ გაასაჯაროებს" - ლევან ახვლედიანი

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ წერილის გასაჯაროებას, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუგზავნეს, არ აპირებს. ამ განცხადებით, ლევან ახვლედიანი მინისტრ, მაია ცქიტიშვილს პასუხობს. 

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დღეს ბრიფინგზე განაცხადა, 10 ოქტომბერს, სამინისტრომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წერილი მიიღო, თუმცა ის არ შეიცავს პორტის განვითარების კონკრეტულ გეგმებსა და ხედვებს. მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ კონსორციუმმა წერილის გასაჯაროება შეუზღუდა. შესაბამისად, მინისტრი მოუწოდებს კონსორციუმს, თავად გაასაჯაროოს აღნიშნული წერილი.

ლევან ახვლედიანი მაია ცქიტიშვილის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ წერილის გასაჯაროებას არ აპირებს, რადგან კონფიდენციალურობის დაცვა ევალებათ. ახვლედიანი ამბობს, რომ წერილი იურისტების მიერ იყო შედგენილი და მასში ზუსტად არის გაწერილი, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, იმისათვის, რომ ანაკლიის პორტის პროექტი წინ წავიდეს.

„ჩვენ ხედვა, თუ როგორ უნდა წავიდეს პროექტი წინ, წარვუდგინეთ მთავრობას, ჩვენ არაფრის სხვა წარდგენას არ ვაპირებთ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ არის კონკრეტული ქმედებები, მე ამაზე ვისაუბრე, გადასადგმელი მთავრობის მხრიდან, ელემენტარული მხარდაჭერასთან დაკავშირებით, იმ ინვესტორების, რომლებიც მობილიზებული არიან ინვესტიციის განსახორციელებლად და ეს მინიმალური ნაბიჯები თუ გადადგმული არ იქნება მთავრობის მიერ, ეს კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, თუ რა დამოკიდებულება ააქვს მთავრობას ამ პროექტთან მიმართებაში. ორი ინვესტორი, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, ზუსტად რომ მობილიზებულია რომ კაპიტალში განახორციელონ ინვესტიცია. მათ სჭირდებათ ელემენტარული მთავრობის მიერ მხარდაჭერის გამოცხადება, იმისათვის რომ გადადგან ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა არ აკეთებს“ - განაცხადა ლევან ახვლედიანმა. 

 

დღის ამბები