გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრილი არასრულწლოვნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმების თქმით, ის მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ექიმი რეანიმატოლოგი, ქეთევან კუპატაძე ამბობს, რომ 15 წლის მოზარდს ჭრილობები მუცლის ღრუში ჰქონდა მიყენებული, რის შედეგადაც დაზიანება პანკრეასისა და კუჭის არეში აქვს მიღებული.
"პაციენტი კლინიკაში შემოყვანილია 15 ოქტომბერს, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად მიღებული აქვს პანკრეასის და კუჭის დაზიანება. ჩატარდა ქირურგიული ჩარევა, ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება ოპერაციის შემდგომ პერიოდს. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თუმცა მეტ-ნაკლებ სტაბილიზაციას მივაღწიეთ ამ დროის განმავლობაში," - განაცხადა ქეთევან კუპატაძემ.
მოზარდის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არასრულწლოვანი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც, უცნობმა მამაკაცმა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჭრილობები მიაყენა.
"მთვრალი გამოვიდა, ლოთი ვიღაც და გაუყარა დანა. მეათე კლასელია ბავშვია, ეგენი არც სვამენ არაფერი, ელოდებოდნენ ტაქსს. არ იცნობდა, ვიღაც 6-ჯერ ნაციხარია, ახალი გამოსულია ციხიდან," - ამბობს დაჭრილი მოზარდის ბაბუა, გივი ნასყიდაშვილი.