ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის მაღალჩინოსნები პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ დაკავებულთა გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატები ითხოვდნენ გათავისუფლებას იმ პირობით, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში დაკავებულები სრულად აანაზღაურებდნენ სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზარალს, ამასთანავე ბათუმის მოქმედ მერთან გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც დაკავებულები მერიის სასარგებლოდ 480 ათასი ლარის ღირებულების უძრავ ქონებას დააგირავებენ.
"მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა, დასაბუთებას მაინც ველოდით კანონშესაბამის. ის არგუმენტაცია და ლოგიკა, რომ თითქოს მერს სჭირდებოდა საკრებულოს თანხმობა, ეს სამართლებრივად არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც გახლავთ ორგანული კანონი, რომელიც იერარქიულად უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"- აცხადებს გიორგი ერმაკოვის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი.
მოსამართლის განმარტებით, მოქმედ მერთან შეთანხმება მხოლოდ საკრებულოს თანხმობით უნდა მომხდარიყო. შეთავაზებული ქონება კი ზარალზე გაცილებით ნაკლები ღირებულებისაა.