ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ღრმაწყლოვანი პორტისთვის 120 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოსაზიდად დრო წლის ბოლომდე აქვს.
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე თვლის, რომ ინვესტორები ანაკლიის პორტში ფულის ჩადებაზე მთავრობამ უნდა დაითანხმოს.
პრესკონფერენციაზე ხაზარაძემ მმართველ გუნდს ანაკლიის პორტის პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკების სქემა უკარნახა და ხელისუფლების წარმომადგენლების ბილეთის აღებასაც დაპირდა.
ხაზარაძე პროექტის გადარჩენის ერთადერთ გზას დიალოგში ხედავს. კონსორციუმის ყოფილი დამფუძნებელი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სახელით ამბობს, რომ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, გუნდი კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
მამუკა ხაზარაძემდე მთავრობა მოლაპარაკებების მაგიდასთან კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მიიწვია. ახვლედიანი მიესალმება ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო არ იწყებს მხარეებს შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმების პროცესს. თუმცა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრობლემები კვლავ რჩება და მათი მოგვარება მხოლოდ კონსორციუმის ძალისხმევით ვერ მოხდება.
ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 2019 წლის ბოლომდე აქვს. ამ დროში კონსორციუმმა 120 მილიონი დოლარის კაპიტალი უნდა მოიზიდოს და პროექტის დასასრულებლად საერთაშორისო ბანკებიდან 400 მილიონ დოლარზე წერილობით წინასწარ შეთანხმებას მიაღწიოს.
მთავრობის გადაწყვეტილება საგანგებო პრესკონფერენციაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გაახმოვანა. მინისტრმა კონსორციუმის მენეჯმენტსა და მის ყოფილ დამფუძნებელს კოორდინაცია დაუწუნა და ხაზარაძის ბრალდებას უპასუხა.
გასაიდუმლოებულია წერილის შინაარსი, რომელიც კონსორციუმმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10 ოქტომბერს მისწერა. გასაჯაროებამდე განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობენ. ინფრასტრუქტურის მინისტრი კონფიდენციალობის მოხსნას კომპანიას სთხოვს. გუშინდელისგან განსხვავებით, იმავეს აღარ ითხოვს კონსორციუმი.
მთვარობის გადაწყვეტილება გარანტია არ არის კონსორციუმისთვის. კომპანიას დღის წესრიგიდან არც სამართლებრივი პროცესის დაწყება მოუხსნია. კონსორციუმში ამბობენ, რომ მიმართავენ თუ არა სასამართლოს, მთავრობის რეაქციასა და კონსტრუქციულობაზე იქნება დამოკიდებული.