"კურიერის“ გადამღები ჯგუფი მსოფლიოს ნომერ პირველ ცხელ წერტილში - თურქული ძალები სირიაზე ინტენსიურ შეტევას განაგრძობენ. არტილერია სირიის ქალაქებს ბომბავს.
სამხედრო ოპერაციაში ჩართულია როგორც ავიაცია, ასევე სახმელეთო ჯარი. იზრდება მსხვერპლის რაოდენობა. დაღუპულია 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. საათობრივად იმატებს დევნილების რაოდენობა. ბავშვები, ოჯახები, რომლებიც კონფლიქტის ზონას ტოვებენ.
"კურიერის“ გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი ცენტრალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. "კურიერმა" შეძლო კადრების გადაღება, სადაც ასახულია ტერიტორიაზე მობილიზებული მძიმე ტექნიკა და სამხედრო მოსამსახურეები.
"კურიერის“ ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულ საავადმყოფოში გადაჰყავთ დაშავებული პირები სირიის ტერიტორიიდან, სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები. გადამღები ჯგუფი სირიიდან დევნილებს გაესაუბრა, რომლებიც 9 დღიან დაპირისპირებას იხსენებენ და ყვებიან იმ ვითარების შესახებ, რომელიც საკუთარი თვალით ნახეს.
"ჩემი შვილები გადარჩნენ, თავს გვესხმიან და გვეშინია. ამიტომ აქ წამოვიყვანე პატარები. ჩემი ქმარი გასაჭირშია, ბავშვებმა ნახეს, როგორ ფეთქდებოდა ბომბები, სულ ისმის სროლის ხმა,“ - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.
სირიიდან დევნილები ამბობენ, რომ უმძიმესი ვითარებაა და მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბება.
"ვითხოვთ დახმარებას, მძიმე ვითარებაში ვართ. სახლი აგვიფეთქეს. ეზოში ნაღმი აფეთქდა, საბედნიეროდ, ჩემი შვილები გადარჩნენ, მაგრამ დაზიანებები აქვთ. უმძიმესი ვითარებაა, მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბება, დაგვეხმარეთ, სამედიცინო დახმარებასაც კი არ გვიწევენ,“ - ამბობს კიდევ ერთი დევნილი.
უკვე მეცხრე დღეა, თურქეთი სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას აგრძელებს.