18 ნოემბერი 2024,   04:18
ვრცლად
სესიაშვილი: ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, სანამ სუსზე სამარცხვინო განცხადებებს გააკეთებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. სესიაშვილმა ოპოზიციის შეფასებებს "სამარცხვინო" უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები სუსის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებს.

"ბატონი გრიგოლი ძალიან პროფესიონალურად უდგება თავის თანამდებობას და საქმეს. ის, რომ ხმა არ მისცეს და მხარი არ დაუჭირეს, ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი და აქ გასაკვირი არაფერი არ არის. ასევე, მათი პოლიტიკური ნარატივია, რომ თითქოს სუსი პოლიტიკური მხარდაჭერის ნაწილია, რაც პირველ რიგში არის შეურაცხმყოფელი იმ ადამიანებისთვის, ვინც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს, ქვეყანას ემსახურება, თავისი პატრიოტული გრძნობით, პროფესიონალიზმით, და ამაზე მათ უნდა მეტი იფიქრონ, როდესაც ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი 85 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ოპოზიციამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები