ვინ შეცვლის შალვა თადუმაძეს იმ შემთხვევაში თუ ის უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს - პროკურატურის მაღალჩინოსნები კონკრეტული სახელების დასახელებისგან თავს იკავებენ.
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე ამბობს, რომ ახალი პროკურორის არჩევა კანონის მაქსიმალური დაცვითა და შესრულებით უნდა მოხდეს.
“ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ავირჩევთ იმ ღირსეულ კანდიდატებს, რომლებიც მაქსიმალურად დაიცავენ პროკურატურის და თითოეული პროკურორის ინტერესებს. ახალი პროკურორის არჩევა უნდა მოხდეს ზედმიწევნით კანონის შესაბამისად. მე პირადად მხარს დავუჭერდი იმ კანდიდატს, რომელიც დამარწმუნებდა თავისი პროგრამით, თავისი გეგმით, რომ შეძლებს პროკურატურის განვითარებას“ - აცხადებს გიორგი გოგაძე.
გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი შალვა თადუმაძე თანამდებობას დატოვებს, საპროკურორო საბჭოს სამ თვიანი ვადა აქვს, რათა მინიმუმ სამი კანდიდატი შეარჩიოს თანამდებობაზე.
"გენერალური პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში, საპროკურორო საბჭოს ეძლევა ერთ თვიანი ვადა იმისათვის, რომ გამართოს კონსულტაციები სამეცნიერო წრეებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა შეარჩიოს არა ნაკლებ სამი კანდიდატი გენერალური პროკურორის პოსტის დასაკავებლად" - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი, ირაკლი მირცხულავა კი ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია, რადგან საქართველოს უკვე ჰყავს არჩეული გენერალური პროკურორი.
გარდა ამისა, საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატების ფარული კენჭისყრა დასრულებულია. სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი იმ 6 კანდიდატის ვინაობის შესახებ, რომლებიც საპროკურორო საბჭოს წევრობის თანამდებობაზე 4 წლის ვადით.
საპროკურორო საბჭოს 6 წევრს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა. კენჭისყრის ფარულ პროცედურაში, საპროკურორო საბჭოს 12 კანდიდატი მონაწილეობდა.
ფარული ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე, შალვა თადუმაძემ კანდიდატებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატება უსურვა.