18 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
"დაჯავშნილია სასტუმროები, გამგეობა მზად არის, დაუყოვნებლივ გაიყვანოს მოსახლეობა" - ილია ელოშვილი

გურამიშვილის გამზირზე, 16 სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 77 ოჯახის ევაკუაცია სრულად განხორციელდა. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ ოჯახებს, მათი სურვილის შესაბამისად, სასტუმროებში გადაანაწილებენ. მისი თქმით, სამმა ოჯახმა უკვე გამოთქვა ამის სურვილი.

თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან კორპუსის დაზიანების ხარისხს, რის საფუძველზეც განხორციელდება შემდგომი ნაბიჯები.  

"არის 77 ოჯახი ამ კორპუსში, ყველა არის ევაკუირებული. აქედან, გამგეობა მზად არის, დაჯავშნილია სასტუმროები, რომ დაუყოვნებლივ გაიყვანონ ყველა, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს. სამმა ოჯახმა უკვე გამოთქვა ამის სურვილი და გადაყვანილია სასტუმროებში. რაც შეეხება თავად შენობას, მიმდინარეობს ჩვენი ლაბორატორიის მიერ უკვე შემოწმება მდგრადობაზე, ასევე ჩაერთვება ამ პროცესში სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო. იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე, ჩვენ უკვე ვაცნობებთ მოსახლეობას, იქონია თუ არა უარყოფითი გავლენა ამ აფეთქებამ შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე. ზუსტი დროის თქმა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ეს იქნება დამოკიდებული იმ სურათზე, რომელიც დახვდათ ჩვენს ლაბორატორიის წარმომადგენლებს ადგილზე. წინა კორპუსში არის დაზიანებები, თუმცა რაიმე მასიური არა, ისეთი რომ მდგრადობის კითხვები დაიბადოს, არა. როგორც კი ლაბორატორია იტყვის, რომ არის უსაფრთხო როგორც შესვლა ამ კორპუსში და ასევე ცხოვრება, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება დაშვება მაცხოვრებლების იმისთვის, რომ ან პირადი ნივთები გამოიტანონ, ან გააგრძელონ ცხოვრება,“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები