ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მოსახლეობას გაზგამანაწილებელი კომპანიებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ნათია თურნავას განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიის წარმომადგენლის მიერ ჩაჭრილ ბუნებრივ აირს მოსახლეობა თვითნებურად ისევ რთავს.
"ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა და წესები, გაზგამანაწილებელი კომპანიები ახორციელებენ გეგმიურ შემოვლას და ამოწმებენ სოფლისა და ქალაქის მოსახლეობას ყველგან, სადაც არის გაზის მოწყობილობები. ხდება ჩაჭრა იმ მოწყობილობის, რომელიც არის არასწორად დამონტაჟებული, თუმცა თუ თვითონ მოსახლეობა არ გვეთანამშრომლა, გაგებით არ მოეკიდა, რთული იქნება ასეთი შემთხვევის პრევენცია, მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, დადგა გათბობის სეზონი და გამოვიჩინოთ სიფრთხილე, აუცილებლად მივცეთ უფლება გაზგამანაწილებელ კომპანიებს შემოვიდნენ, შეამოწმონ ეს მოწყობილობა. თუ აუცილებელი გახდა გამორთვა და მიიღეს რეკომენდაცია, რომ შეცვალონ, არ მიაერთონ თვითონ მოსახლეობამ იმიტომ, რომ აქ საუბარი არის თითოეულის ჯანმრთელობაზე, თითოეულის სიცოცხლეზე. ჩვენ გამკაცრების თვალსაზრისით სავალდებულო წესით შემოგვაქვს დეტექტორების დამონტაჟება,"- აცხადებს ნათია თურნავა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.