18 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
"ნიკა გვარამიას დაჭერისკენ მიჰყავთ ეს საქმე" - გიორგი გაბუნიამ პროკურატურა დატოვა

გიორგი გაბუნიამ გენერალური პროკურატურა დატოვა. მთავარი საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიმდინარეობს მცდელობა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის დაპატიმრებისათვის. გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" წამყვანს პროკურატურაში ხელი გაუთქმელობის შეთანხმებაზე მოაწერინეს, რის გამოც მას დეტალებზე საუბარი აეკრძალა, თუმცა როგორც გაბუნიამ აღნიშნა, გამოძიების მიზანი "მთავარი არხისთვის" ხელის შეშლაა.

"არის იმის მცდელობა, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოუვათ, მაგრამ გამოკითხვები ბოლომდე უნდა მიიყვანონ. რომ გითხრათ, რომ ჩემ მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ რაიმე რადიკალური ცვლილება შეიტანოს ამ საქმეში, ნამდვილად არა. გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს, "მთავარი არხისთვის" ხელის შეშლაა გამოძიების მიზანი. ვინაიდან ვამბობ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერისკენ მიჰყავთ ეს საქმე, ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გვარამიას ეხებოდა შეკითხვები. ვერ გეტყვით რაზე დაგვისვეს შეკითხვები, საქმე ეხება სხვადასხვა თანხებს", - განაცხადა გაბუნიამ.

"რუსთავი 2-ის" ყოფილი თანამშრომლების საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

აღნიშნულ თემაზე გენერალურმა პროკურატურამ უკვე გამოკითხა "რუსთავი 2-ის" ყოფილი თანამშრომლები:  ნოდარ მელაძე, გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი.

დღის ამბები