გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების დეტალებზე, დაშავებული 39 წლის მამაკაცის ახლობლები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და აფეთქების შემდეგ სამაშველო სამსახურს თავად დაუკავშირდა.
გავრცელებული ცნობით, სწორედ სოსო ჯავახიშვილის ბინაში მოხდა აფეთქება. მისი ახლობლები გამორიცხავენ ინფორმაციას, რომ სოსო ჯავახიშვილმა გაზის თანამშრომლებს კარი არ გაუღო.
"თბილისი ენერჯის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია მიქიაშვილი ამბობს, რომ მათ მეოთხე სართულზე მდებარე ბინის მფლობელი, სადაც აფეთქება მოხდა, რამდენჯერმე გააფრთხილეს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო განმეორებითი შემოწმება, თუმცა, ის კარის გახსნაზე უარს აცხადებდა.
"ამ ადამიანს ასე არასერიოზული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არ ექნებოდა, ეს არის გამორიცხული. გაზის თანამშრომლები მივიდნენ და კარი არ გაუღო, ეს მცდარი ინფორმაციაა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი დილიდან საღამომდე მუშაობდა და შესაძლოა იმ პერიოდში არ ყოფილიყო სახლში. მარტო ცხოვრობდა. მამასთან დაურეკავს და უთქვამს, დედაჩემი გამოგზავნე, რომ ცოტა დამწვარი ვარ, მეტი არაფერიო. არის კონტაქტური და არ არის კომატოზურ მდგომარეობა, ადეკვატურია," - ამბობს სოსო ჯავახიშვილის ახლობელი.