18 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ევაკუირებული 140 ადამიანი ამ დრომდე სასტუმროში რჩება

გაზის აფეთქების შედეგად ჩამონგრეული კორპუსიდან ევაკუირებული ადამიანები საკუთარ სახლებს ჯერ ვერ დაუბრუნდებიან.  სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის პირველადი მონაცემები ზუსტად ერთ კვირაში იქნება, ამის შემდეგ გაირკვევა, როდის დაიწყებს ადგილობრივი მერია და მუნიციპალიტეტი გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსის რეაბილიტაციას.

დაზარალებულების მთავარი მოთხოვნა, კორპუსის დროული რეაბილიტაცია და მათი სახლებში დროული დაბრუნებაა. 

კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულები სამ სასტუმროში გუშინვე გაანაწილეს, სადაც ერთი კვირის მანძილზე იქნებიან უზრუნველყოფილნი საკვებით, პირველადი მოხმარების საგნებით და საცხოვრებლით. ეს ადამიანები ელოდებიან ნებართვას, რომ პირადი ნივთები გამოიტანონ საკუთარი სახლებიდან.

განსაკუთრებით დაზიანებულია მე-3, მე-4 და მე-5 სართულები, ამ სართულზე მცხოვრებლებს  თავიანთ ბინებში შესვლა ამ ეტაპზე სასტიკად ეკრძალებათ.

გურამიშვილზე კორპუსის ნგრევა სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. ახალგაზრდა მამაკაცი, ვის სახლშიც ბუნებრივმა აირმა გაჟონა, დამწვრობის ცენტრში რჩება სამკურნალოდ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საკმაოდ მძიმეა.

ელიტა ანდღულაძე

დღის ამბები