ავიაკომპანია "აირზენაში" ქართველი მგზავრებისთვის შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. ირკვევა, რომ მგზავრები ბარსელონის მიმართულებით ვერც თბილისიდან გაფრინდნენ.
ავიაკომპანიამ პასუხად "კურიერს" მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ რეისებს მგზავრთა უსაფრთხოების და ბარსელონაში შექმნილი ვითარების გამო არ ასრულებს.
ერთ-ერთი მგზავრი "კურიერთან" საუბრისას ადასტურებს, რომ ბარსელონას მიმართულებით მისი რეისი არ განხორციელდა. მოქალაქის თქმით, მასთან ერთად დაახლოებით 80 ქართველი იყო, რომელთაც ფრენა ნაწილს ოთხშაბათს და ნაწილს 8-ოქტომბერს გადაედო.
როგორც მოქალაქე ირმა შუბითიძე "კურიერთან" საუბრისას აღნიშნავს, დაახლოებით 20 წელია ესპანეთში ცხოვრობს და თუ დროულად არ გაფრინდება, მას პრობლემები შეექმნება სამსახურში.
"სანამ წავიდოდი ბარსელონაში, რამოდენიმე საათით ადრე დავრეკე, რადგან ვიცოდი ბარსელონაში პრობლემები და ამის გამო რაიმე შეფერხება ხომ არ მექნებოდა. 11-საათზე დავრეკე ეს ყველაფერი დოკუმენტით დადასტურებული მაქვს, ვიკითხე გადაიდებოდა თუ არა ფრენა და მითხრეს, რომ არ გადაიდებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა და ადგილზე მოსულს სხვა მდგომარეობა დამხვდა. არავის პასუხი არ აქვს, ცნობათა ბიუროშიც მივედით, მაგრამ ვერაფერი გვითხრეს, არანაირ ალტერნატივას არ გვთავაზობდნენ, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. დილის 8-საათამდე ველოდეთ და წამოვედით სხვა რა უნდა გვექნა," - განაცხადა "კურიერთან" საუბრის დროს ირმა შუბითიძემ.
მგზავრებს "აირზენას" ინფორმაცია არ აკმაყოფილებთ და დამატებით განმარტებებს ელიან.
"კურიერი" დაინტერესდა, განხორციელდა თუ არა რეისი ქუთაისის აეროპორტიდან ბარსელონაში. კოპიტნარის აეროპორტში დაადასტურეს, რომ ავიარეისები ბარსელონას მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.