პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს უკვე სამი საათია უსმენენ. სხდომა თავიდანვე ხმაურის ფონზე წარიმართა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ოპოზიცია კლანის წევრად მოიხსენიებს, დეპუტატთა ნაწილის შეფასებით, მიქაუტაძე "ქართული ოცნების" დავალებების შემსრულებელია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს. მას ალტერნატივად სხდომის დარბაზის აივანი, ე.წ. "გალიორკა" შესთავაზეს, რაზეც დოლიძემ უარი განაცხადა და პროტესტის ნიშნად პარლამენტი დატოვა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, ანა დოლიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს, ტყუილია. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დარბაზში ადგილი არ იყო, დოლიძემ კი აივანზე მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა იუკადრისა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შესვლა გაუჭირდა თბილისის საკრებულოს დეპუტატს ვატო შაქარაშვილს. კომიტეტის სხდომაზე ის დეპუტატმა ეკა ბესელიამ შეიყვანა. შაქარაშვილს სურდა მიქაუტაძისთვის კითხვა იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაესვა, რის გამოც მას 2012 წელს ორთვიანი ადმინისტრაციული სასჯელის მოხდა მოუწია.
კანდიდატს მწვავე კითხვები დაუსვეს "ევროპული საქართველოდან". გიგა ბოკერია დაინტერესდა, რატომ წარმოადგინა მიქაუტაძემ მხოლოდ ორი რეკომენდატორი, როდესაც დადგენილი წესის მიხედვით, სამი უნდა წარმოედგინა. ბოკერია, ასევე დაინტერესდა, თუ რას გულისხმობდა მიქაუტაძე, როდესაც ერთ-ერთ განცხადებაში არასამთავრობო სექტორის მხრიდან მუქარაზე საუბრობდა.
უმრავლესობის წარმომადგენლების კითხვები წინა ხელისუფლებას და იმ დროს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხს ეხებოდა. "ქართული ოცნების" დეპუტატმა სოფიო კილაძემ მიქაუტაძეს ის გადაწყვეტილება შეახსენა, როდესაც 2012 წელს მან "ქართული ოცნებისთვის" გაღებული შემოწირულობებისთვის 17 ადამიანი დააჯარიმა.