გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავდებული გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებული დ. კ. (დაბ. 1980 წ.) სასჯელს 2015 წლიდან იხდიდა ძარცვის ბრალდებით იხდიდა.
"მსჯავრდებული იმყოფებოდა პირველადი ჯანდაცვის გუნდის სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო გამოკვლევების და კონსულტაციების საფუძველზე, დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი: ბოდვითი აშლილობა; ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა; ინსომნია; არტერიული ჰიპერტენზია; ცეფალგია; ქრონიკული ვირუსული C ჰეპატიტი (ნამკურნალები - 2018წ); ჩატარებული ჰქონდა დადგენილი დიაგნოზების შესაბამისი მკურნალობა. ამ ეტაპზე, ფსიქიატრის რეკომენდაციით დანიშნული ჰქონდა და იღებდა პრეპარატს "კეტილეპტი“ 50 მგ. დღე-ღამეში.
მსჯავრდებულმა ბოდვითი აშლილობის გამო, რამდენჯერმე გაიარა სტაციონარული მკურნალობის კურსი სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში. ბოლოს მიმდინარე წლის 27 აგვისტოს მოთავსებული იყო ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო 30 აგვისტოს გადაიყვანეს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც იმყოფებოდა ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში.
21 ოქტომბერს პატიმარი დ.კ. შეუძლოდ გახდა, რის გამოც საკანში გამოძახებული იქნა ოჯახის ექიმი. 18:26 სთ-ზე საკანში მისულ სამედიცინო პერსონალს მსჯავრდებული დახვდა უგონო მდგომარეობაში, არ აღინიშნებოდა სუნთქვა და არ ისინჯებოდა პულსი არც პერიფერიულ და არც ცენტრალურ სისხლძარღვებზე. მედპერსონალმა დაუყოვნებლივ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია, რომლის მსვლელობის დროს რამდენჯერმე გაკეთდა ადრენალინის ინტრავენური ინექცია. პარალელურად, 18:30-სთ-ზე გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე მოვიდა 18:53 სთ-ზე. სასწრაფო დახმარების მოსვლის შემდეგაც, დაწესებულების სამედიცინო პერსონალი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში კვლავ განაგრძობდა რეანიმაციის ჩატარებას, თუმცა მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა და 19:05 სთ-ზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,"- ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.