ფონიჭალაში ათამდე კორპუსს საფრთხე ემუქრება - ინფორმაციას საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს. მოქალაქეები თბილისი-რუსთავის ავტობანის პროექტის ფარგლებში, ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათი თქმით, პროექტის განხორციელებას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა საფრთხის ქვეშ ცხოვრება არ სურთ. მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.
“ქალაქში ან რუსთავში ვინც მუშაობს, მას ძალიან უჭირს მოძრაობა, იმიტომ, რომ გადაადგილების მხრივ არის საშინელი სიტუაცია, საცობებია ბევრი, ავარიებია ბევრი. კორპუსები არის ავარიული, სავალალო მდგომაროებაში და მოსახლეობის ჯანმრთელობას იქაც ძალიან უქმნის საფრთხეს“ - განაცხადა ფონიჭალის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის წევრმა, დალი ვეფხვაძემ.
თემას გამოეხმაურა ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ საკითხი მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვის შემდეგ გადაწყდება.
“ამ ეტაპზე შევწყვიტეთ სესხის ფარგლებში ამ მონაკვეთის მშენებლობა, ის არსებული მონაკვეთები, სადაც მშენებლობა და მუშაობა არის შესაძლებელი, მიმდინარეობს, ხდება არსებულ მონაკვეთზე ახალაშენებული მონაკვეთის დაერთება, ხოლო რაც შეეხება იმ მონაკვეთს, სადაც გვაქვს მოსახლეობის უკმაყოფილება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოსახლეობასთან კონსულტაციის, კომუნიკაციის და მოლაპარაკების გზით შევთანხმდებით“ - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.