18 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ე.წ. მუქარის წერილზე კვლევის ჩატარება რთული იქნება - პროკურატურა  

ე.წ. მუქარის წერილზე კვლევის ჩატარება რთული იქნება - ასეთია პროკურატურის პოზიცია. საგამოძიებო უწყების ცნობით, TBC ბანკის დამფუძნებლების მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლა დაიწყო, თუმცა საქმეში დაბრკოლებებია. ერთ-ერთ ფაქტორად ის გარემოება სახელდება, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი. პროკურატურის ინფორმაციით, მასალები, საპროცესო წესით, უკვე დაილუქა.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. ბადრი ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ საგამოძიებო უწყება გამოიძიებს წარდგენილ მასალებს და ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებებს, რათა სიმართლე დადგინდეს.

"ჩვენ ველით, რომ ისინი გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას და თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას შეასრულებენ და გამოიძიებენ იმ მასალებს, რომლებიც გადაეცა მათ და ასევე, ჩაატარებენ სხვა საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ამ დროს ტარდება," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ერთ-ერთი პირველი პირი, რომელმაც წერილი ნახა საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი, თეონა დოლენჯაშვილია. ამის შესახებ განცხადება თავად მწერალმა გააკეთა და განაცხადა, რომ ის პროკურატურის მხრიდან, მოწმედ დაკითხვაზე დაბარებას ელოდებოდა, თუმცა მისი მოლოდინი, ჯერჯერობით, არ გამართლდა.

"მე ვარ ერთ-ერთი პირველი მოწმე, ვინც ეს წერილი ნახა და ვისი გვარი და სახელიც დასახელდა მამუკა ხაზარაძის მიერ. ველოდებოდი გამოძიების დაწყებას და ველოდებოდი მოწმედ დაკითხვას, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. კიდევ ერთხელ მიდასტურდება ის წარმოდგენა, რაც თავიდანვე შემექმნა, რომ უბრალოდ ხელისუფლებას არ სურს ამ საქმის გამოძიება," - განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები