ეკონომიკის მინისტრი, ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდას უახლოეს მომავალში არ ელის, თუმცა ნათია თურნავა ამბობს, რომ თუკი ქვეყანაში ჰესების მშენებლობის პროცესები არ დაიძვრება, ელექტროენერგიაზე იმპორტი გაიზრდება. ნათია თურნავა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, ტარიფების განსაზღვრა დამოუკიდებული იქნება სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე.
"რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო დროს, ეს არის მზარდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, რომლის დაკმაყოფილება, სამწუხაროდ, ჩვენ სულ უფრო მეტად გვიწევს იმპორტის საშუალებით და ეს არ არის ნორმალური ვითარება. უახლოეს პერიოდში, ჩვენ არ მოველით, რომ ტარიფები გაიზრდება, მაგრამ თუ წლების მანძილზე არ დაიძრა ეს მშენებლობები და არ აშენდა ჰესები, რასაკვირველია, გაიზრდება იმპორტი და ჩვენი ტარიფები იქნება ჩვენს შიდა პოლიტიკაზე დამოკიდებული კი არა, არამედ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე," - განაცხადა ნათია თურნავამ.
სემეკის ახალი თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მოსახლეობის პროტესტის გამო, ხელისუფლებამ ჰესების მშენებლობაზე უარი არ უნდა თქვას, რადგან ეს ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენებს მოახდენს.
"თუ ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგი ადგილობრივი ჰესების მშენებლობის, ესეთ შემთხვევაში, ელექტროენერგია აუცილებლად გაგვიძვირდება. მეტი ვალუტის გადინება მოხდება საზღვარგარეთ, რაც ბუნებრივია, კურსზეც იმოქმედებს ნეგატიურ გავლენას, ამიტომაც, თუ ჰესის პროექტი გარემოზე რაიმე მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი არ არის და ბუნებრივია, ესეთი პროექტის აშენება მთავრობასაც არ უნდა, ესეთ შემთხვევაში ჩვენ ჰესების მშენებლობაზე უარი ნამდვილად არ უნდა ვთქვათ," - განაცხადა დავით ნარმანიამ.