18 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
სუს-ის მაღალჩინოსნების დაკითხვა თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის საქმეზე - პროკურატურა გამოძიების დასკვნით ეტაპზეა

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, პროკურატურამ 3 ძალოვანი მაღალჩინოსანი დაკითხა. ვახტანგ გომელაური, იოსებ გოგაშვილი და ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი, ირაკლი ჩიმაკაძე საგამოძიებო ორგანომ 2017 წლის დეკემბერში, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე 2 თვის წინ დაკითხა. ის, რომ დუისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაზე პროკურატურის კითხვებს მაღალჩინოსნებმა უპასუხეს, ოფიციალურად პროკურატურამაც და შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დღეს დაადასტურა. 

იოსებ გოგაშვილს უკვე დიდი ხანია ბრალდებას უყენებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა და ამბობს, რომ ძალოვანი მაღალჩინოსნების მხოლოდ დაკითხვა არ კმარა. მალხაზ მაჩალიკაშვილი მაღალჩინოსნების გარდა, ყველა სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, რომლებიც 26 დეკემბრის სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ.

საქმე დაიხურება, სპეცრაზმელი კი რომელმაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა განახორციელა არ დაისჯება - ასეთი მოლოდინი აქვს პროკურატურისგან მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატს. მარიამ კუბლაშვილი "კურიერთან" ამბობს, რომ საქმის ობიექტური გამოძიებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს.

საპარლამენტო ოპოზიცია მაჩალიკაშვილების საქმეზე საუბრისას აქცენტს საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე აკეთებს. დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება მხოლოდ ასეთი კომისიის შექმნის შემთხვევაში დადგება.

ოპონენტების პრეტენზიებს არ იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ძალოვანი მაღალჩინოსნების დაკითხვა იმის მანიშნებელია, რომ გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს. 

გენერალური პროკურატურის განმარტებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შემაჯამებელ გადაწყვეტილებას საზოგადოება მხოლოდ პროცესის სრულად დასრულების შემდეგ მიიღებს.

 

 

დღის ამბები