18 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ე.წ. მუქარის წერილი და საგამოძიებო უწყების პირველი შეფასება - პროკურატურამ გამოძიება დაბრკოლებებზე საუბრით დაიწყო

ე.წ. მუქარის წერილი და საგამოძიებო უწყების პირველი შეფასება - პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ წერილზე კვლევის ჩატარება რთული იქნება.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, დაბრკოლების მთავარი ფაქტორი არის ის, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი.

"ლელოს" დამფუძნებლები ირწმუნებიან, რომ ლონდონის ექსპერტიზამ წერილზე 17 ანაბეჭდი აღმოაჩინა. უკვე დამუშავებული მასალების შესწავლა კი პროკურატურისთვის სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.

"ლელოს" ერთ-ერთი წევრი, თეონა დოლენჯაშვილი ამ დრომდე ელოდება პროკურატურისგან უწყებას დაკითხვის შესახებ. მისი თქმით, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავის დროზე წერილის დედანი ნახა.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის შეფასებით, პროკურატურის დღევანდელი განცხადება არ ნიშნავს გამოძიებაზე უარის თქმას. ოპოზიციას კი პროკურატურის დღევანდელი განცხადება, სირთულეების შესახებ, ეჭვებს უჩენს.

"ლელოს" ლიდერების შეფასებით, ანაბეჭდების გამოვლენის შემთხვევაში, გამოძიებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს იმ პირთა დაკითხვა, ვისი ნიმუშიც წერილზე აღმოჩნდება.

საჭიროების შემთხვევაში, გამოძიების კითხვებზე პასუხის გასაცემად მზადაა გიორგი გახარია, თუმცა, გუშინ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილის ავტორი არ არის მოქმედი პრემიერ მინისტრი და ის სხვამ დაწერა.  მამუკა ხაზარაძის თქმით, ავტორს და შუამავალს გამოძიების დაწყების შემთხვევაში დაასახელებს. 

დღის ამბები