20-21 ივნისის მოვლენები - ირაკლი ოქრუაშვილის საქმის სასამართლო პროცესზე მისი მხარდამჭერები და თანაგუნდელები იმყოფებოდნენ. ოქრუაშვილის მხარდამჭერები პარტია "გამარჯვებული საქართველოზე" ზეწოლასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ. საქალაქო სასამართლოში მივიდა მალხაზ მაჩალიკაშვილილიც, რომელმაც ირაკლი ოქრუაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"დღეს, ჩემი აქ ყოფნის მიზეზი არის პირდაპირ ოქრუაშვილის მხარდაჭერა. ოქრუაშვილისთვის სოლიდარობის გამოცხადება და მხარში დავუდგე. როგორც ირაკლი ოქრუაშვილი, რამდენიმე პიროვნებაა დაკავებული იმისთვის, რომ მათ გააპროტესტეს ასე ვთქვათ, საქართველოს შვილების სისხლის მღვრელის, გავრილოვის ჩამოსვლა. ამის გამო, ეს ბიჭები დღეს ციხეში არიან, ვაი ამათ პატრონს," - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრი, კოტე კემულარია ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია და ის ერთ დღეს ამ სტატუსით გათავისუფლდება.
"ფაქტობრივად, ირაკლი მათ ვერ გატეხეს მიუხედავად დიდი ფსიქიკური ზეწოლისა და ის იქ ძალიან მყარი პოზიციით არის, ის ახმოვანებს ამ თავის პოზიციას და მან დააფიქსირა, რომ ის ციხეშიც გააგრძელებს ბრძოლას და პოზიციას არ შეიცვლის. სწორედ ეს არის და ეს ქმნის გარდაუვალობას იმ პროცესისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ერთ დღეს გათავისუფლდება როგორც პოლიტპატიმარი," - განაცხადა კოტე კემულარიამ.