ახალციხის მერის შემდეგ გამოძიება, შესაძლოა, ზაზა მელიქიძის მრჩევლით დაინტერესდეს. ირკვევა, რომ უკვე წლებია ახალციხის მერის კომპანიის გარდა, ტენდერებს მისი მრჩევლის კომპანიაც იგებს. კომპანია "მშენებელი 2004", რომლის მფლობელი გელვასი გელაძეა, ახალციხის მუნიციპალიტეტების ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" მოამზადა.
გელვასი გელაძე ერთდროულად სატენდერო და მიღება-ჩაბარების კომისიების წევრი, ასევე მიმდინარე პროექტების ზედამხედველი და სამუშაოების შემსრულებელიცაა. ამისთვის კი ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი უკვე მიღებული აქვს.
მერის მრჩეველთან დაკავშირებით, ანტიკორუფციულ სამსახურს გამოძიება ჯერ არ დაუწყია, თუმცა ამ თემის შესწავლა უკვე მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, გელაძე არკვევდა, რომელ კომპანიას უნდა მოეგო ტენდერი ახალციხეში. ირკვევა, რომ 2014 წლიდან დღემდე მერის მრჩევლის კომპანიამ 46 ტენდერი მოიგო. აქედან 15 ტენდერი კი იმ მუნიციპალიტეტში, სადაც თანამდებობებს იკავებდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ახალციხის რეგიონული კოორდინატორი თამუნა უჩიძე ამბობს, რომ ახალციხის მერთან მუშაობის დროს მის კომპანიას 8 პროექტის განხორციელება დაევალა.
"წელიწად-ნახევრის განმავლობაში, გელასი გელაძის კომპანიამ ჯამში, ამჟამად მოქმედ ახალციხის მუნიციპალიტეტში ზაზა მელიქიძესთან განახორციელა 8 პროექტი. ჩნდება ძალიან ბევრი შეკითხვა, ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ვთხოვეთ, რომ დაინტერესდნენ ამ ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული შესყიდვებით და დანაშაულის შემთხვევაში, იმოქმედონ კანონის შესაბამისად,“ - განაცხადა თამუნა უჩიძემ.
ქალაქის მერი მოგებულ ტენდერებში პრობლემას ვერ ხედავს და თვლის, რომ ადგილზე უკანონობას არავინ ჩადის.
"კანონს კანონმდებლები არიან და გაარკვევენ,“ - აღნიშნა ზაზა მელიქიძემ.