18 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
"ოცნების" მაღალჩინოსნების შესაძლო კორუფციული დანაშაული გრძელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალციხის მერისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიების მიერ მოგებულ 15 ტენდერზე გამოძიება 332 -ე მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ახალციხის მერს, ზაზა მელიქიძეს, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პარალელურად კი სუსმა მისი მრჩევლის, გელვასი გელაძის კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების საქმის შესწავლა დაიწყო. ირკვევა, რომ მერის მრჩეველმა ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელის მსგავსად 15 ტენდერი მოიგო. მერს მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გააჩნია.

გელვასი გელაძის დეკლარაციის მიხედვით "მშენებელი 2004-ის” 20% წილის მფლობელია და მისი კომპანია ახალციხეში, თამარაშვილის 6 ნომერში მდებარეობს, თუმცა "კურიერის " ჯგუფს იქ საცხოვრებელი კორპუსი დახვდა.

როგორც საჯარო ინფორმაციით ირკვევა, გელაძის კომპანია ახალციხეში მგზავრთა მოსაცდელებისა და სკვერების კეთილმოწყობით, საცხოვრებელი ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოებითა და სამშენებლო მასალების უზრუნველყოფით არის დაკავებული. რადგან მერის მრჩეველი ინფრასტრუქტურულ საკითხებში კომპანიის მხოლოდ 20 % წილის მფლობელია, ის ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს. 

მელიქიძისა და გელაძის საქმიანობის და მერიაში აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებიც.

გელვასი გელაძე 2014-2017 წლებში თვითმმართველ ქალაქ ახალციხეში უშუალოდ იყო ჩართული სატენდერო კომისიის იმ სხდომებში, რომლებიც მისი კომპანიის კონკურენტებისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭების საკითხს განიხილავდა.

საკუთარი კომპანიის "მშენებელი 2004"-თან ხელშეკრულების გაფორმებამდე გელაძე აღნიშნავდა, რომ კომპანიის 20 % წილის ფლობის გამო ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა.

ის ფორმალურად, ინტერესთა კონფლიქტის შესახებ დოკუმენტს ავსებდა იმ შემთხვევაშიც, როცა ტენდერებში მისი კომპანია ერთადერთი პრეტენდენტი იყო და კომპანიასთან მიღება-ჩაბარების აქტებს აფორმებდა.

დღის ამბები