გზების რეაბილიტაციის დროს უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაზე ამახვილებს ყურადღებას საკრებულოს ოპოზიცია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ თბილისის მერია სამუშაოებს მოძველებული სატვირთო და სპეც-ტექნიკით ატარებს, რაც დასაქმებულებისთვის სახიფათოა. საკრებულოს დეპუტატმა მაგალითად ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ინციდენტი მოიყვანა, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას სატვირთო მანქანა ორმოში ჩავარდა.
"მანქანები, რომლებიც წესით გზას უნდა აგებდნენ და ამ მიმართულებით მუშაობდნენ, საკუთარ თავს, ვერც ავტომობილს და ვერ მძღოლს იცავენ. საბოლოო ჯამში მანქანა აღმოჩნდა დიდ თხრილში. ეს არის კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ "პროფესიონალურად“ მუშაობს დედაქალაქის მერია," - აცხადებს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილი მწვავედ აკრიტიკებს თბილისის მერიას ყავის აპარატებისთვის გამოცხადებული ტენდერის გამო, რისთვისაც მისი ინფორმაციით, 10 ათასი ლარია გამოყოფილი.
"რამდენიმე დღის წინ მერიამ გამოაცხადა ტენდერი და ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობს ყავის აპარატებს, მაშინ როდესაც დედაქალაქში უმძიმესი მდგომარეობაა,“ - აღნიშნა ხაბეიშვილმა.