პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თბილისში გამართული "აბრეშუმის გზის ფორუმი“ წარმატებით ჩატარდა, რაც ფორუმში მონაწილეთა რაოდენობით დასტურდება.
გიორგი გახარიამ ფორუმთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
“აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც თბილისში მესამედ ჩატარდა, ძალზე წარმატებული იყო, რაც დასტურდება პირველ რიგში მონაწილეთა რაოდენობით. ამ ფორუმში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა დელეგატმა. ასევე მინდა აღვნიშნო, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ორი დღის განმავლობაში იყო დანიშნული 300-ზე მეტი ორმხრივი ბიზნეს-შეხვედრა და მოლაპარაკება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის, როგორც დამაკავშირებლის ფუნქციასა და როლს. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა შესაბამის უწყებასთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის ფასი და მნიშვნელობა, რაც აქვს საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორის, ეროვნული ბანკის და ეკონომიკურ პოლიტიკაში ჩართული სხვადასხვა უწყებების პოზიტიურ თანამშრომლობას,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.