ოთხმეზურის საქმის "ოქროს მოწმის" ოჯახი პროკურატურას მიმართავს. შოთა შანიძის მეუღლე ითხოვს დადგეს ასლან ბეჟანიძის დედისა და ადვოკატის პასუხისმგებლობის საკითხი იმის გამო, რომ გაასაჯაროვეს ინფორმაცია მოწმის ოჯახზე, რაც მათ უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს.
დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეში ე.წ. ოქროს მოწმე შოთა შანიძეა. "ოქროს მოწმეობიდან" გამომდინარე, შანიძე და მისი ოჯახი სახელმწიფოს მხრიდან "მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში" ირიცხებოდა, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციამ გაჟონა, ასევე გავრცელდა ინფორმაცია "ოქროს მოწმის" ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც.
"ოქროს მოწმის" მეუღლე სოფიო სლაბინსკაიამ პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდა.
სოფიო სლაბინსკაიას განცხადებით, ინფორმაცია, რომელიც მათი ოჯახის "მოწმეთა დაცვის პროგრამაში" ჩართვას ეხებოდა, პროკურატურის ხელში იყო, შესაბამისად, ის არ გამორიცხავს, რომ ინფორმაციამ სწორედ პროკურატურის მხრიდან გაჟონა.