იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების კრიტიკას და მისი შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს ანა დოლიძე საგანგებო განცხადებით პასუხობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი მის მიმართ, როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხმის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.
არამოსამართლე წევრს მიაჩნია, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მის კანდიდატურას უკან გაიწვევს, ეს იქნება "ლაკმუსის ტესტი" საქართველოს პრეზიდენტისთვის.
ანა დოლიძე თვლის, რომ მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებები სწორი იყო, რადგან ის ყოველთვის მოქალაქეობრივად აქტიური პიროვნება იყო.
"იუსტიციის საბჭოს არ აქვს სურვილი გაარჩიოს საზოგადოებრივი საქმიანობა და პოლიტიკური საქმიანობა, კანონი კრძალავს იუსტიციის საბჭოს წევრისთვის, რომ არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ანდა მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში, მე ადამიანის უფლებებზე საზოგადოებრივ აქტივობებზე, მართლმსაჯულებების საკითხებზე განცხადებებს ძალიან დიდი ხანია ვაკეთებ და ეს მოქალაქეობრივ საქმიანობად მიმაჩნია,მე სამოქალაქოდ ვაქტიურობ უამრავ თემებზე, არ გავჩერდები, ამ ხელისუფლებას ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ ისევე, როგორც ამ სიამოვნებას არ ვანიჭებდი წინა ხელისუფლებას,"- აცხადებს ანა დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძის იმპიჩმენტის საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს დადგა დღის წესრიგში.