დიდი პროტესტის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროსა და დევნილებს შორის შეთანხმება მიღწეულია. 40-მდე ოჯახი დროებით თავშესაფარს მიიღებს, რის შემდეგაც მათ მუდმივი საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დღეს კარვის აღების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა სამინისტროს შენობაში დარჩებიან, ვიდრე ყველა პირობა არ იქნება შესრულებული.
"თითქმის 40 დღის შემდეგ სამინისტრო მიხვდა, რომ ამ ადამიანებს სჭირდება გვერდში დგომა. მიხვდა იმას, რომ ამ ადამიანების კანონიერი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს და შედგა შემდეგი შეთანხმება, რომელიც ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ ხალხის მოთხოვნებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ. პროტესტი გაგრძელდება, მაგრამ უკიდურესი ფორმებით არა. კარავს დღეს ავიღებთ, მაგრამ მხოლოდ ერთი მოთხოვნით, იმედია ამ უკანასკნელ შეთანხმებაზეც არ მოგვატყუებენ, თორემ აქ ერთს კი არა, 100 და 200 კარავს მიიღებენ," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია.