კიდევ ერთი შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტი - ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზა 2018 წელს უნდა გახსნილიყო, მაგრამ გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთიდან ჯერჯერობით დასრულებული მხოლოდ ექვსია. ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა.
შემოვლით გზას დღეს არსებული მთავარი მაგისტრალი უნდა განეტვირთა. გზა მჭიდროდ დასახლებულ ექვს სოფელზე გადის, დაზიანებულია საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრობლემები და ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტი ახორციელებს. როგორც სახელმწიფო კახეთის მხარეში რწმუნებული ირაქლიო ქადაგიშვილი აცხადებს, შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება მოსახლეობასთან არსებულმა პრობლემებმა შეაფერხა. ქადაგიშვილის ინფორმაციით, ის ადგილობრივები, რომლებსაც ახალი გზის მშენებლობის გამო კერძო საკუთრების დათმობა უწევთ, შეთავაზებულ კომპენსაციას არ თანხმდებიან.
შემოვლითმა გზამ ბაკურციხეში სამი ორსართულანი კორპუსის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლებისგან შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა უძრავი ქონების შესაძენად არ ეყოფათ.
კახეთში შემოვლითი გზის მშენებლობას კომპანია "ბლექსი ჯგუფი" აწარმოებს. კომპანიის განმარტებით, მათი მხრიდან მშენებლობას პრობლემა არ შექმნია.
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია. გზების დეპარტამენტიის ინფორმაციით, ორჯერ გადაწეული ვადის შემდეგ ახალი გზის დარჩენილი 9 კილომეტრის მოწყობა 2020 წლის ზაფხულში დასრულდება.