18 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
"ამ ვითარებაში გამოსავალი არის სინოდის მთელი შემადგენლობის გადადგომა" - დედა სიდონია

დედა სიდონია სინოდის სრული შემადგენლობის გადადგომას ითხოვს - აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

როგორც დედა სიდონია წერს, სინოდის გადადგომა შექმნილი რთული ვითარებიდან რეალური გამოსავალი იქნება და პატრიარქმა სინოდი განახლებული მღვდელმთავრებით უნდა დააკომპლექტოს.

"მე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს ამომეწურა ყოველგვარი თმენის ვალდებულება იმასთან დაკავშირებით, რასაც სინოდის წევრებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან დაუსრულებლად ვისმენთ წლების განმავლობაში.

მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, მართლმადიდებელი ეკლესიის შვილი. მაქვს დადებული მონაზვნობის აღთქმა და, ისევე როგორც ყოველი ადამიანი ვგრძნობ პასუხისმგებლობას ღვთისა და მოყვასის წინაშე. მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში სწორედ სიჩუმეა ცოდვა.

იმ ფაქტებიდან, რაც მეუფე იაკობის მონაყოლიდან შევიტყვეთ, ერთიც რომ იყოს მართალი, ეს ნიშნავს დღეს წარმოდგენილი სასულიერო დასის დაქცევას! ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ვალი ამ სიტუაციაში არის იღონოს ყველაფერი რათა საეკლესიო ცხოვრება დაუბრუნოს ქრისტიანულ მორალს, ჩვენს მაცხოვარ უფალ იესო ქრისტეს.

პირადად მე მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში გამოსავალი არის, სინოდის მთელი შემადგენლობის გადადგომა. ხოლო უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამის შემდეგ გამოარჩიოს 10 ღირსეული მღვდელმთავარი და დააკომპლექტოს სინოდი!

საქართველოს ეკლესიის მმართველობა არის სინოდალური და სწორედ იგი უნდა იყოს პასუხისმგებელი ეკლესიის წინაშე არსებულ უმწვავეს პრობლემებზე.

P.S. ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება და საზოგადოება არის უკიდურესად აღშფოთებული. იოლი გამოსავალი ამ სიტუაციაში აღარ არსებობს, აუცილებელია თამამი ნაბიჯების გადადგმა. ამას ვგრძნობ მთელი ჩემი თვითშეგნებით,“ - წერს დედა სიდონია.

დღის ამბები