"სახეზე გვაქვს, რომ ხელისუფლება ცდილობდა ეკლესიის საქმეებში ჩარევას, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და საინპიჩმენტო პროცედურის დაწყების საფუძველი,“ - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, "ევროპულ საქართველოს" სურს მეუფე იაკობს პარლამენტში მოუსმინოს.
"ფაქტია, რომ ძალიან მძიმე ბრალდებები გაისმა. პროკურატურა კანონით არის მოვალე, საჯარო სივრცეში გაჟღერებული კანონდარღვევაზე დაიწყოს მოკვლევა და საზოგადოებას გასცეს პასუხი. თუ პროკურატურა არ გაინძრევა, კიდევ ერთხელ გამოჩნდება ორმაგი სტანდარტი და შერჩევითი სამართალი. სულ მცირე სახეზე გვაქვს, რომ ხელისუფლება ცდილობდა ეკლესიის საქმეებში ჩარევას, ეს პირდაპირ არის კონსტიტუციის დარღვევა და შეიძლება გახდეს საინპიჩმენტო პროცედურის დაწყების საფუძველი. თუ მეუფე იაკობს ექნება სურვილი, ჩვენ გვინდა ის პარლამენტში მოვიწვიოთ და საპარლამენტო ფორმატში მოჰყვეს ყველაფერი ის, რასაც თვლის საჭიროდ და ნათელი მოფინოს საკითხს,“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.