პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საარჩევნო სიტემის რეფორმაზე მსჯელობენ.
პარლამენტის საკომიტეტო განხილვაში აქტიურად მონაწილეობს როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია. "ახალი მემარჯვენეების" ლიდერ მამუკა კაციტაძეს აინტერესებს, რატომ ეწინააღმდეგება მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებზე საარჩევნო ბლოკების შემნას.
"რატომ არ გვინდა ბლოკი? პასუხი ხომ არ არის, არ გვინდა იმიტომ, რომ ხელისუფლებას შეცვლა არ დაემუქროს? ხელისუფლება თუ შეცვლადია, ამას ბლოკით ვერ გააჩერებთ,"- მიმართა უმრავლესობას მამუკა კაციტაძემ.
"ჩვენთვის არ არის ბლოკი იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამის გამო პროპორციულ სისტემაზე ვთქვათ უარი. ჩვენ მაინც მხარს ვუჭერთ პროექტს, რომელიც თქვენ გაქვთ შემოთავაზებული, მაგრამ რადგან პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ბლოკებს უჭერს მხარს, გვაქვს თუ არა ეს რესურსი,"- მიმართა საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორებს "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ოთო კახიძემ.
ოპოზიციის კითხვებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებით პოზიციების შეცვლას არ აპირებს.
"ჩვენი საბოლოო პოზიცია არის ის, რაც შემოგთავაზეთ. გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ, რომ ეს არის ყველაზე დაბალანსებული მოდელი. მიუხედავად რისკებისა და გამოწვევებისა, დამატებით რისკებს გამოიწვევს თქვენ მიერ შემოთავაზებული ვერსია ბლოკებთან დაკავშირებით,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.