"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს განვითარების გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ვინაიდან სახელმწიფოს ამჟამად არ აქვს რესურსი რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია - მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს" - ბიძინა ივანიშვილის განცხადება პარტიის ოფიციალურ ფეისბუქ- გვერდზე გავრცელდა.
განცხადების თანახმად, კურორტი დღეს მხოლოდ ერთი მოქმედი სასტუმროს და მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურის ამარაა დარჩენილი. აღდგენა და განვითარება კი მესამე ათწლეულია, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა.
"გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება," - წერს ბიძინა ივანიშვილი.
მისივე შეფასებით, წყალტუბოს აქვს ყველა პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად. ამასთან, ივანიშვილი ბიზნესსექტორს დაინტერესების შემთხვევაში შეთავაზებას უკეთებს.
"საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს - მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით," - აღნიშნულია ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაში წერია, სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ რვა ათას ადამიანს დაასაქმებს. მათი აღდგენის შედეგად, საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 - 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას - წერს ბიძინა ივანიშვილი.
ვრცლად იხ. ბმულზე - http://bit.ly/2Wop2eQ