საპროტესტო აქციის დაშლისას გამოყენებული იყო არაპროპორციული და გადამეტებული საპოლიციო ძალა - ასეთია ანგარიში, რომელიც 20 ივნისის საპროტესტო დემონსტრაციის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" მოამზადა. როგორც ორგანიზაციაში მიაჩნიათ, სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადამეტების შემდგომი პრევენციისათვის აუცილებელია მოვლენების სწორი შეფასება.
დოკუმენტში საუბარია რეკომენდაციებზეც, მათ შორის დაშავებულებისთვის დაზარალებულების სტატუსის დროულად მინიჭება. ასევე ერთ-ერთი რეკომანდაციაა ეფექტური გამოძიების ჩატარება. გარდა ამისა, რეკომენდაცია ხელისუფლების მხრიდან სამომავლოდ განსახორციელებელ რეფორმებსაც მოიცავს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 240 დაშავებულს შორის, 40-ზე მეტი არის ჟურნალისტი და არც ერთ მათგანს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.
ანგარიშის ავტორის, ლაზარე ჯიბლაძის თქმით, 20-21 ივნისს აქციის დაშლის გადაწყვეტილება მომიტინგეების დასჯის მიზნით იქნა მიღებული.
"აქციის დაშლის გადაწყვეტილება, ჩვენი აზრით, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს იყო არა მშვიდობის დაცვის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, არამედ ადამიანების დასჯის და მომიტინგეების დასჯის მიზნით განხორციელებული ღონისძიება“ - აღნიშნა ჯიბლაძემ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, აუცილებელია 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულებს სტატუსი რაც შეიძლება დროულად მიენიჭოთ, ასევე მისი თქმით, აუცილებელია პასუხისგებაში მიეცნენ დამნაშავე პირები.
"ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებლობის განცდა ხელისუფლების მხრიდან და სამომავლო პრევენციისთვის სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, შემდგომში დადგება დაზარალებულთა კომპენსაციების საკითხი,“ - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.
”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის ნესტან ლონდარიძის განცხადებით, ძირითადად დაზარალებულთა უმეტესობა ჟურნალისტია, რომელთაც მნიშვნელოვანი დაზიანებები აქვთ მიღებული.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთ-ერთი ქეისი, რომელთანაც გამოყენებული იყო ე.წ. პლასტმასისა და კაუჩუკნარევი ტყვია, რომელმაც მას მხარში მიაყენა დაზიანება და დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.. ეს ტყვია არის პროკურატურაში ნივთმტკიცებად წარდგენილი, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს მოქალაქე დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად“ - აღნიშნა ლონდარიძემ.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლას ეხება და სადაც წერია, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ გადამეტებული და არაპროპორციული ძალა გამოიყენა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პასუხობს.
ნინო ჯავახაძის განცხადებით, ამ საკითხზე გამოძიებას გენერალური პროკურატურა აწარმოებს, შესაბამისად საქმეზე საბოლოო დასკვნა საგამოძიებო უწყებამ უნდა დადოს.