ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ სინოდის სხდომამ მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება ძირფესვიანად უნდა განიხილოს. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბობს, რომ თუკი ხვალ, სინოდის სხდომაზე არსებულ პრობლემურ საკითხებზე შეჯერება არ მოხდება, ეს სრულყოფილი შეხვედრად არ ჩაითვლება.
მეუფე პეტრე ამბობს, რომ ყველა საკითხი თუ პიროვნება კანონიკური სამართლის მიხედვით უნდა იქნას შესწავლილი, მათ შორის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე.
"თუ პირველი დღე, ანუ ხვალინდელი დღე არ დაეთმობა რეგლამენტს და მხოლოდ საკითხებზე შეჯერებას, არსებულ პრობლემურ საკითხებზე შეჯერებას და ტრადიციულად სინოდი ხვალვე, რამდენიმე საათში დამთავრდება და დაიხურება, ის ვერანაირად ვერ იქნება სრულყოფილი. მე ვაპირებ რომ კანონიკური სამართლის მიხედვით იქნას შესწავლილი ყველა საკითხი და ყველა პიროვნება," - ამბობს მეუფე პეტრე.
წმინდა სინოდი ხვალ, 31 ოქტომბერს შეიკრიბება - პატრიარქის გადაწყვეტილება გუშინ, დღის ბოლოს გახდა ცნობილი. ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო მეუფე იაკობის საკითხზე იმსჯელებს. სხდომას ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადამდგარი ბოდბელი ეპისკოპოსი თავადაც დაესწრება.