18 ნოემბერი 2024,   04:12
ვრცლად
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი წმინდა სინოდის სხდომას ვერ დაესწრება

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი წმინდა სინოდის სხდომას ვერ დაესწრება. ამის შესახებ განცხადება სასულიერო პირმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ სხდომაზე დასწრების შემთხვევაში, ის გარკვეულ საკითხებს აუცილებლად გააჟღერებდა

"შეუძლებელი ხდება ჩემი დასწრება სინოდის სხდომაზე. ძალიან ვწუხვარ მე ამის გამო, რა თქმა უნდა, რომ შემძლებოდა, დავესწრებოდი, აუცილებლად დავაყენებდი საკითხებს, თუმცა ეს საკითხები არის სინდოზე დასაყენებელი და არა ასე საჯაროდ," - აცხადებს მეუფე გრიგოლი. 

გარდა ამისა, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ადრე თუ გვიან, ნებისმიერ ეკლესიას საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოუწევს. 

"მე არ ვიცი, ტომოსის კითხვა როდის დაიწყო და როდის დამთავრდება. ფაქტია, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია დღეს უკვე ელადის ეკლესიამ აღიარა. ეს არის პროცესი, რომელიც შეუქცევადი ხასიათის არის და ადრე თუ გვიან, ნებისმიერ ეკლესიას მოუწევს ამაზე თავისი პოზიციის გამოხატულება და გადაწყვეტილების მიღება ცალსახად," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

სავარაუდოდ, სინოდის სხდომას არ დაესწრება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი (იარაჯული), რომელიც საქართველოში კონკრეტულ ღონისძებაში მისაღებად არის ჩამოსული. 

"მე ვარ ჩამოსული საქართველოში კონკრეტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. არ ვიცი არაფერი, წარმოდგენა არ მაქვს და მე არ ვიქნები კომპეტენტური, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრო," - აცხადებს მეუფე ზენონი (იარაჯული).

წმინდა სინოდი 31 ოქტომბერს შეიკრიბება - პატრიარქის გადაწყვეტილება გუშინ, დღის ბოლოს გახდა ცნობილი. ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო მეუფე იაკობის საკითხზე იმსჯელებს. 

დღის ამბები