"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას წყალტუბოს რეაბილიტაციის შესახებ "საარჩევნო სატყუარა" უწოდა.
ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს არა საკურორტო ბიზნესის განვითარება, არამედ ხელისუფლების შენარჩუნება სურს.
"ეს იქნება მისთვის საარჩევნო სატყუარა. განა წყალტუბოზე ან წყალტუბოელებზე ზრუნავს, განა საკურორტო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს ქვეყანაში, ერთადერთი, რაც მას უნდა, ხელისუფლების შენარჩუნებაა. სად არის ქუთაისში ჩადებული მილიარდი, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებამდე გვეუბნებოდნენ და ერთი კორპუსი ძლივს ააშენეს, ისიც არ გახსნილა,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კურორტ წყალტუბოს აღორძინების პროექტის საკუთარი სახსრებით განხორციელება დააანონსა. ივანიშვილის განცხადებით, სანატორიუმების რეაბილიტაცია წყალტუბოში, მინიმუმ 8 000 ადამიანს დაასაქმებს. მათი აღდგენის შედეგად, საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 - 20 000 ადამიანი.