18 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
"უპრეცედენტოდ მასშტაბური საქველმოქმედო აქტი" - მინისტრები წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტს აფასებენ

ოპოზიციის კრიტიკული განცხადებების საპასუხოდ, მთავრობის წევრები "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას წყალტუბოს აღორძინების შესახებ "უპრეცედენტო საქველმოქმედო აქტს" უწოდებენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აქცენტს იმ 8 000 ადამიანზე აკეთებს, რომელიც ივანიშვილის თქმით, სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესში დასაქმდება. 

"ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს საქველმოქმედო, უპრეცედენტოდ მასშტაბური აქტი უკვე განხორციელებული 3 მილიარდი ინვესტიციის მიღმა, რაც მან უკვე გააკეთა ჩვენს ქვეყანაში, არის, რა თქმა უნდა, მისასალმებელი. თვითონ რეაბილიტაციის პროცესში რომ იმერეთის რეგიონში 8 ათასი პირი დასაქმდება ვფიქრობ, რომ ნამდვილად ხაზგასასმელია,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კანონთან სრული შესაბამისობით განხორციელდება. 

"მთავარია, ეს ადამიანი, ქველმოქმედების ფარგლებში, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე მზად არის, რომ რესურსული მხარე აიღოს თავის თავზე, სისტემური მიდგომა შეკრას და ლოკომოტივის ფუნქცია შეასრულოს სხვა ბიზნესებთან ერთად. ეს მოხდება კანონთან შესაბამისობაში. აქ მთავარი ისაა, თუ რამხელა კონტრიბუციას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კურორტ წყალტუბოს აღორძინების პროექტის საკუთარი სახსრებით განხორციელება დააანონსა. ივანიშვილის განცხადებით, სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ რვა ათას ადამიანს დაასაქმებს, ხოლო, საბოლოო ჯამში, რეგიონში 15 000 - 20 000 ადამიანი დასაქმდება. ივანიშვილის განცხადება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ამომრჩეველთა მოსყიდვის მორიგ მცდელობად შეფასდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები