ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის თქმით, სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობისაგან და სინოდის წევრობისგან, ასევე აეკრძალა მღვდელმსახურება. განცხადება ამის შესახებ მეუფე დანიელმა საპატრიარქოს ტელევიზიასთან გააკეთა.
"წმინდა სინოდმა ერთხმად მიმართა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს, რომ მას პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ხშირი ცილისწამებების გამო, გამოეთქვა სინანული, რაზეც მან უარი განაცხადა და დაემუქრა ეკლესიას კვლავ მხილებით, რის გამოც მის მიმართ მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე გათავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისგან, აეკრძალოს მღვდელმსახურება, გათავისუფლდეს წმინდა სინოდის წევრობიდან და გაიგზავნოს მონასტერში მოსანანიებლად," - განაცხადა მეუფე დანიელმა, მისი თქმით, სინოდის სხდომაზე განხილული სხვა საკითხების შესახებ საუბარი იქნება განჩინებაში, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი მღვდელმთავრობიდან განეყენებინათ. საპატრიარქო ამის მიზეზად მეუფე პეტრეს მხრიდან გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ასახელებს, თავად მეუფე პეტრე კი აცხადებს, რომ ის საპატრიარქოში მყოფი დამნაშავეების მხილებისთვის დასაჯეს.