ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა, შიო მღვიმის მონასტერში წასვლაზე უარს აცხადებს, სადაც ის პატრიარქის ბრძანებით გაამწესეს. მეუფე პეტრე თავის ყოფილ ეპარქიაში მდებარე ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში წასვლის ნებართვას ითხოვს და საპატრიარქოს პასუხს ელოდება. მზადაა თუ არა კომპრომისისთვის საპატრიარქო, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
"შევთავაზე ჩემი თავი, რომ ერთ-ერთ მონასტერში აქ ვიყო მყუდროდ და გარდამავალ პერიოდში მივეხმარო, რათა ბარიერები და დაბრკოლებები არ იყოს, ეპარქიაში არის გიმნაზია, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, პანსიონი, იქ კვების საკითხებია, სხვადასხვა ფინანსური საკითხებია... იმით რომ უბრალოდ აქ ვიყო, პარალელურად მივეხმარო მას, როგორც დამხმარე ადამიანი გარდამავალ პერიოდში. თუ ამაზე უარს იტყვიან, ამით უბრალოდ გამოჩნდება უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ეპარქიის მიმართ," - განაცხადა მეუფე პეტრემ.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მეუფე პეტრე ცაავა გაათავისუფლეს ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და სინოდის წევრობიდან, მას ასევე აუკრძალეს მღვდელმსახურება. სინოდის გადაწყვეტილების მიზეზად მეუფე პეტრე ცაავას განცხადებები სახელდება, რომელიც მღვდელმთავრების და პატრიარქის შეფასებით, საქართველოს საპატრიარქოს შეურაცხყოფას აყენებდა, თავად პეტრე ცაავა კი მიიჩნევს, რომ ის საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრისთვის დაისაჯა და სინოდის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს.