ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში დღეს ტრადიციული წირვა აღევლინა. მამა გოჩა ცაავამ ისაუბრა სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება მეუფე პეტრე ცაავას. მისი თქმით, მათთვის მძიმეა, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტად წირვაში მეუფე პეტრეს აღარ იხსენებენ:
"დღეს პირველად ჩვენ ჭყონდიდის ეპისკოპოსად მოვიხსენიებთ მეუფე გრიგოლს, ჩვენთვისაც ეს თავიდან მძიმეა, მაგრამ ღვთის განგებულებას, სინოდის გადაწყვეტილებას ვღებულობთ და ხვალ პირველ წირვას შეასრულებს მეუფე გრიგოლი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ლოცვა საქართველოს ეკლესიის გაძლიერებისთვის და მორწმუნეებისთვის იმიტომ რომ ლოცვა გადაგვარჩენს და ლოცვა გადაარჩენს მთელ სამყაროს," - განაცხადა მამა გოჩა ცაავამ.
ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე ბერი მამა მათე ამბობს, რომ მეუფე პეტრემ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ეპარქიაში მონასტრების აღდგენისთვის. სასულიერო პირი იმედოვნებს, რომ ეპარქიის ახალი მმართველი ამ საქმეს გააგრძელებს:
"აქ არაფერი არ იყო მეუფე რომ მოვიდა, მაგრამ ღმერთის სიყვარულით და მეუფის ერთგულებით... ღმერთმა ქნას მისცეს ახალ ეპისკოპოსს იმის შემართება და ძალა, რომ ეს საქმე გააგრძელოს," - განაცხადა ბერმა მათემ.