18 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
"პრეზიდენტს საკუთარი ნება არ გააჩნია, დამოკიდებულია საპატრიარქოზე" - ოპოზიცია დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე

პრეზინდეტს ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებს ოპოზიცია.

"ევროპული საქართველოს" წევრის, ირაკლი აბესაძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილს მანამდეც უნდა მიეღო.

"ჩვენ მხარს ვუჭერდით დეკანოზის შეწყალებას და მოვუწოდებდით პრეზიდენტს გადაედგა ეს ნაბიჯი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გასაკვირია, რომ პრეზიდენტმა მოიცალა შეეწყალებინა პოლიციელის მკვლელი, შეეწყალებინა ნარკორეალიზატორი თუ ძებნილი ადამიანი. რატომ არ მოიცალა მან საფუძვლიანად განეხილა ეს საკითხი და მართლაც შეეწყალებინა, რომლის პატიმრობის საფუძველი მართლაც სერიოზულ ეჭვს აღძრავდა,“  - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის შეფასებით, პრეზიდენტს საკუთარი ნება არ გააჩნია და საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

"პრეზიდენტს აქამდე უნდა შეეწყალებინა მამალაძე და თუ ის მხოლოდ ეკლესიის მითითებით იღებს გადაწყვეტილებას, მაშინ სამარცხვინოა. მას არ აქვს საკუთარი ნება და ხედვა?! რა  თქმა ეს არ ჩაიწერება პრეზიდენტის დამოუკიდებლობის აქტივში. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ზურაბიშვილი დამოკიდებულია ივანიშვილზე და საპატრიარქოზე," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

უმრავლესობა კი აღნიშნავს, რომ შეწყალება  უშუალოდ პრეზიდენტის კომპეტენციაა.

"მსჯავრდებულს აქვს უფლება მიმართოს შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს და თუ ასეთი მიმართვა იქნება, იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი. ვერანაირ მოლოდინებზე და წინმსწრებად რაიმე სახის მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ დავაფიქსირებ. ყველა კონკრეტული საქმე არის ინდივიდუალური და სჭირდება შესწავლა," - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები