პროექტი, რომელმაც ეფექტურად უნდა გააკონტროლოს და შეზღუდოს არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებში ჩართულობა - "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ინიციატივა პარლამენტში უკვე შეიტანა.
მოეწყო აქცია-პერფორმანსიც, სადაც ბანქოზე გამოსახული "ქართული ოცნების" ლიდერები იყვნენ წარმოდგენილნი, "ლეიბორრისტული პარტია" მათ სათამაშო ბიზნესის მფარველობაში ადანაშაულებს.
უშუალოდ კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს საქართველოს კანონში "ლატარიებისა და აზარტული თამაშობების მოწყობის შესახებ", რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეზღუდება ე.წ. ონლაინ სამორინეში რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით.
რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამორინეს ოფისში ადგილზე მისვლით და იდენტიფიცირების გავლით და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა მოქალაქეს ონლაინ ანგარიში.
ამ გზით მაქსიმალურად შეიზღუდება და შემცირდება არასრულწლოვნების ჩართულობა აზარტულ თამაშებში - აცხადებენ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები.