18 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
ე.წ. ციანიდის ხმაურიანი საქმე - დატოვებს თუ არა საპყრობილეს მსჯავრდებული დეკანოზი?!

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს?! - პროგნოზების გაკეთება ყველას უჭირს. თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე დიდი სიფრთხილით მოეკიდება.   

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი კი პრეზიდენტის მოწყალების მოლოდინშია. როგორც დეკანოზის მამა ამბობს, გიორგი მამალაძე უდანაშაულოა, საპატიმროში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს.

დეკანოზის ოჯახისგან განსხვავებით, შეწყალების იმედი არ აქვს სასულიერო პირის ინტერესების დამცველს.  მიხეილ რამიშვილი ამტკიცებს, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებაში გარკვეულ გავლენიან ჯგუფს არ სურს დეკანოზმა საპყრობილე დატოვოს.

პრეზიდენტს მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალებისკენ მოუწოდებს ოპოზიცია. დეპუტატები ფიქრობენ, რომ საქმე, რომლის გამოც დეკანოზი მსჯავრს იხდის, კითხვებს აჩენს.

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით კი შეწყალება სალომე ზურაბიშვილის დისკრეციული უფლებაა, ამიტომ გადაწყვეტილებაც დამოუკიდებლად უნდა მიიღოს.

პრეზიდენტი რომ საპატრიარქოს წინააღმდეგ ვერ წავა და დეკანოზს შეიწყალებს,  ამაში დარწმუნებულია ალეკო ელისაშვილი. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ქვეყნის მთავარსარდალს მორატორიუმის გაუქმებისკენ მოუწოდებს.  ელისაშვილის თქმით, დროულად უნდა დაკომპლექტდეს შეწყალების კომისია, რომ პრეზიდენტის მაგიდაზე აღარ მოხვდეს ძებნილი პირებისა და მკვლელობისთვის გასამართებულთა საქმეები.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან და ზურაბიშვილს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ მესამე სექტორის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციები მიანიშნებენ, რომ გადაწყვეტილებები ქვეყნის პირველმა პირმა კონკრეტულ საქმეებზე დამოუკიდებლად, შეწყალების კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა მიიღოს.

პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობაში მსჯავრდებული დეკანოზი სასჯელს უკვე რამდენიმე წელია ე.წ. მატროსოვის ციხეში იხდის. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროში გაუარესდა.

საქართველოს პრეზიდენტმა კი საკუთარი კონსტიტუციური უფლება მას შემდეგ შეიზღუდა, რაც ძებნილი და მკვლელობისთვის გასამართლებული პატიმრები შეიწყალა. ახლა მამალაძეც და საპატიმროებში მყოფი სხვა მსჯავრდებულები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და მორატორიუმის გაუქმებას ელოდებიან.

დღის ამბები