ბოლო ადგილი ევროპაში და ბოლოდან მეორე მსოფლიოს მასშტაბით - საქართველო მინიმალური ხელფასის ოდენობით ისეთი ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა ნიგერია, სომხეთი და უზბეკეთი. 90-იანებში განსაზღვრული სახელფასო მინიმუმი ანუ 20 ლარი 1999 წლის შემდეგ აღარ შეცვლილა.
პროფკავშირების სტატისტიკით, საქართველოში 23 ათასზე მეტ ადამიანს თვეში ხელფასი მხოლოდ 100 ლარი აქვს. 63 ათასს კი 200 ლარზე ნაკლები. "კურიერი" დღეს ქუჩაში გავიდა და რიგით მოქალაქეებს შეხვდა. მოსახლეობის დიდი ნაწილის განცხადებით, ფაქტობრივად შიმშილის ზღვარზეა.
საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის შედარებით მეტია თვიური შემოსავალი, თუმცა ქვეყანაში გაზრდილი ფასების გამო თვიდან თვემდე ხელფასი არ ჰყოფნით.
ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გამო, მინიმალური ხელფასის გაზრდას მოითხოვს პროფკავშირების გაერთიანება. დაწესდეს 320 ლარიანი მინიმალური ხელფასი - ეს ის ძირითადი მოთხოვნაა, რომლითაც გაერთიანება პარლამეტში საკანონმდებლო ინიციატივით უკვე შევიდა.
კანონპროექტის ავტორების თქმით, განსაზღვრული თანხა ხელფასის 30 %-ია, რაც საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. პროფკავშირების გაერთიანებაში დარწმუნებული არიან, რომ კანონის მიღება 130 000 დასაქმებულის ფინანსებზე დადებითად იმოქმედებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, სახელფასო მონაცემების დადგენა იმ ინფორმაციის მიხედვით ხდება, რასაც საქსტატს კომპანიები პერიოდულად აწვდიან. დღეის მონაცემებით, კერძო სექტორში მინიმალური ანაზღაურება 20 ლარით, ხოლო საჯაროში - 135 ლარით განისაზღვრება.
საარსებო მინიმუმი რომ გადასახედია ამაზე საპარლამენტო უმრავლესობაშიც საუბრობენ. მათი თქმით, პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივა მისაღებია, თუმცა დამატებით მსჯელობას მაინც საჭიროებს.
ოპოზიცია საარსებო მინიმუმის გაუმჯობესებისთვის ერთადერთ გამოსავალს, ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გამოსწორებაში ხედავს.
საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის რეგისტრაციის შემდეგ პროფესიული კავშირი პარლამენტს 30.000 ხელმოწერას წარუდგენს.