ბიძინა ივანიშვილი მზად არის, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო "პარაგრაფი" ნახევარზე ნაკლებ ფასად გაასხვისოს. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "Entrepreneur Georgia-სთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ თუკი "პარაგრაფი" ცალკე ბიზნესპროექტად იქნა განხილული და უნივერსალური კრიტერიუმებით შეფასდება, პროექტი წამგებიანი გამოდის.
"სფეროს სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ სასტუმრო ბიზნესში ინვესტიციის ოდენობა ერთ ნომერზე გახარჯული თანხით იანგარიშება. ანუ მთლიანი ინვესტიცია იყოფა ნომრების რაოდენობაზე. უმაღლესი კლასის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს შემთხვევაში, ეს დანახარჯი, ერთ ნომერზე 200-250 ათას დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ობიექტი ვერასდროს გავიდეს მოგებაზე. "პარაგრაფში" სულ 240 ნომერია, ხოლო ინვესტიციის ოდენობამ უკვე 120 მილიონ დოლარს გადააჭარბა და კიდევ გრძელდება. ელემენტარული არითმეტიკა ცხადყოფს, რომ ერთ ნომერზე გახარჯული თანხა ორმაგად აჭარბებს დადგენილ კრიტერიუმს და 500 ათას დოლარს გასცდა. შესაბამისად, "პარაგრაფის" საბაზრო ფასი, მასში ჩადებული ინვესტიციის ნახევარი, ანუ 60 მილიონი დოლარია და შესაძლოა, ამ ფასადაც ვერ გაიყიდოს" - ამბობს ბიძინა ივანიშვილი "Entrepreneur Georgia-სთან" ინტერვიუში.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სასტუმრომ, რომელიც ადრე თუ გვიან გაიყიდება, ახალი მესაკუთრის მფლობელობის ქვეშ ნორმალური ბიზნესმოდელით უნდა განაგრძოს ფუნქციონირება, რათა საკუთარი ხარისხი შეინარჩუნოს და მომავალში კიდევ უფრო განვითარდეს.