18 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩემი შვილები ჩხუბობდნენ, სიცრუეა და პროვოკაციაა" - "ქართული ოცნების" წევრი ენზელ მკოიანი

კრიმინალურ გარჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ახალქალაქში მოხდა და სადაც, სავარაუდოდ, ენზელ მკოიანის შვილი ფიგურირებს, ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, "ქართული ოცნების" წევრის შვილმა დავით მკოიანმა ოთხ პირთან ერთად ახალგაზრდას "ბიტებით" და "კასტეტით" სცემა, მეორე ვერსიით კი ნაცემია დეპუტატის ძმისშვილი.

დეპუტატი მკოიანი სავარაუდო დანაშაულზე ინფორმაციას არ ადასტურებს. "ქართული ოცნების" დეპუტატის განცხადებით, დაპირისპირების დღეს მისი შვილები ქვეყანაში არ იმყოფებოდნენ.

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩემი შვილები ჩხუბობდნენ, სიცრუეა და პროვოკაციაა, ამას დამტკიცება სჭირდება. ჩემი შვილები 2 ნოემბერს აქ არ იყვნენ, ჩემი შვილი დავითი ერევანშია, დიდი ბიჭი კარაპეტი იქ იყო და დღეს ჩამოვიდა. ძმისშვილი პატარაა, 17 წლის, მას ფეხის ოპერაცია აქვს გაკეთებული და ჩხუბს ვერ შეძლებდა. ყველაფერი სიცრუეა, ბრალდებას დამტკიცება უნდა, ხომ არსებობს პროკურატურა," - აცხადებს ენზელ მკოიანი.  

ინციდენტი ახალქალაქის ბაზართან დღის საათებში მოხდა. დაშავებული, რომელსაც თავი გატეხილი აქვს, ახალქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის ამ დრომდე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას და ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

 

დღის ამბები