პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელიც მან გამოცემა "ანტერპრენერს" მისცა, არასაპარლამენტო ოპოზიციამ შეაფასა.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ინტერვიუს იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლაზე, როგორც ქველმოქმედებაზე საუბრობს.
"თუ ადამიანს მიაჩნია, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლით მას ქვეყნისთვის დიდი საქმის გაკეთება შეუძლია, ეს მისი ვალდებულებაა და არა ქველმოქმედება, და არა მგონია, რომ ვალის მოხდა ქვეყნის და ერის წინაშე ვინმეს უნდა დაამადლო,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ივანიშვილის ბიზნესინიციატივები სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო არ არსებობს.
"მისი ეს ინიციატივები, ყველაფერი არის დადასტურება იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს საინვესტიციო გარემო, არ არსებობს კონკურენტული სიტუაცია, არ არსებობს უცხოური ინვესტიციები და პრაქტიკულად ჩვენ გვესაუბრება არა პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი, არამედ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აქვს საკმაოდ სერიოზული ინტერესთა კონფლიქტი,"- განაცხადა ხაზარაძემ.
"შენების მოძრაობის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს.
"ამაზეა ზედგამოჭრილი, როგორც მოსვლით გაგვახარე, ისე წასვლით გაგვახარეო, - ქველმოქმედების დასრულება მაშინ იქნება, როცა მოვიდა, დაგვეხმარა, იმიტომ რომ არ შეგვეძლო არაფრის კეთება ამ ქვეყანაში არავის, დაგვალაგა, დაგვაჭკვიანა, ააშენა და ახლა მგონი, სჯობს დაისვენოს თვითონაც და ჩვენც,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა გამოცემა "ანტერპრენერს" საქართველოში მის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ინიციატივებთან დაკავშირებით ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუს საბაბი ივანიშვილის მიერ დაანონსებული წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი და ინვესტორებისთვის გაკეთებული შეთავაზება გახდა. 12 გვერდიან ინტერვიუში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე საკუთარი გემების შესახებ დეტალურად ყვება.