საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს ინფორმაციას, რომ საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული ოთხი მეზღვაურიდან ერთი საქართველოს მოქალაქეა.
სააგენტოს განცხადების თანახმად, 4 ნოემბერს, შეიარაღებული პირები საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს თავს დაესხნენ. მათივე განცხადებით, თავდასხმის დროს, ეკიპაჟის 24 წევრიდან 4 ადამიანი გაიტაცეს, მათ შორის არიან საბერძნეთის, ფილიპინების და საქართველოს მოქალაქეები.
"გადამოწმდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ტოგოს დროით დაახლოებით დილის სამ საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს. გემი ამჟამად გაჩერებულია ტოგოში ლომეს პორტში. თავდასხმის დროს ეკიპაჟის 24 წევრიდან გაიტაცეს 4 მეზღვაური: ერთი საბერძნეთის, ორი ფილიპინებისა და საქართველოს ერთი მოქალაქე.
ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) საშუალებით დავუკავშირდით გემთფლობელ კომპანიას. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტი. ამასთან აღნიშნა, რომ ისინი მუშაობენ ეკიპაჟის წევრების გათავისუფლების საკითხზე. ასევე, ელოდებიან გამტაცებლების მხრიდან კომუნიკაციას, რომლიც კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, არსებული გამოცდილებით, უახლოეს ორი-სამი დღის განმავლობაში შეიძლება შედგეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ ყველა შესაძლო გზით ქართველი მეზღვაურის ტყვეობიდან უსაფრთხოდ დასახსნელად. უკვე დავუკავშირდით ოჯახის წევრებს. თუმცა, ქართველი მეზღვაურის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია არ გავრცელდეს მედიის საშუალებით მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია" - ნათქვამია განცხადებაში.